წნორში სპორტული ინფრასტრუქტურის ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება
2 აპრილი 2026
წნორში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის პროექტირება დასრულდა, ხოლო მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება უკვე დაწყებულია.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტი ითვალისწინებს ახალი სავარჯიშო მოედნის მოწყობას 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ასევე დაგეგმილია გუნდებისა და მსაჯებისთვის გასახდელებისა და საშხაპეების, სამედიცინო ოთახისა და საჭირო ტექნიკური სათავსოების მოწყობა.
პარალელურად, წნორში იგეგმება 200 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული სივრცეების მოწყობა, მათ შორის დიდი და საბავშვო აუზები, ძიუდოს, კიკბოქსინგის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის და სატრენაჟორო დარბაზები.
კომპლექსში ასევე განთავსდება ტექნიკური და დამხმარე ინფრასტრუქტურა — გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ადმინისტრაციული და კომერციული ზონები.
გარდა ამისა, მოეწყობა კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს მედიათეკას, ქორეოგრაფიულ და სახელოვნებო სივრცეებს, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების კლუბს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას — მოეწყობა საზოგადოებრივი, სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა და ავტობუსების პარკინგი, მათ შორის ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე საფეხმავლო ბილიკები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური საფეხბურთო ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.